სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა იზრდება - აღნიშნული უწყება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე სქესობრივი ხელშეუხებლობისა და ადამიანის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს იმ შემთხვევაშიც გამოიძიებს, თუ ის პროკურორმა ჩაიდინა. შესაბამისი ცვლილებები „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც პარლამენტს “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარუდგინეს. გარდა ამისა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს და ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ენიჭებათ უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს საკუთარი ინიციატივით გამოაქვეყნონ სპეციალური ანგარიში იმ საკითხების თაობაზე, რაც ამ ორი უწყების საქმიანობას უკავშირდება და მათ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. ამავე ცვლილებების ფარგლებში, იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსის ჩატარების ვადები.