კოსმეტიკურ პროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობა შესაძლოა რეგულაციების ქვეშ მოექცეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია ნათქვამი. კოსმეტიკური საშუალებების რეგულირების შესახებ კანონპროექტს ჯანდაცვის სამინისტრო შეიმუშავებს. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ბაზარზე განთავსებამდე და განთავსების შემდეგ ადმინისტრირების საკითხები და მასზე პასუხისმგებელი უწყებები. ამასთან, ნათქვამია, რომ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება ეკონომიკური ოპერატორების როლი და ვალდებულებები, მათ შორის მწარმოებლის, იმპორტიორის, დისტრიბუტორის და ხელშეკრულებით განსაზღვრული „პასუხისმგებელი პირის". კანონპროექტის შემუშავების ერთ-ერთი საფუძველია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის რეგულაციასთან, რომელიც კანონის პროექტისა და ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ იქნა გამოყენებული. ,,ტექნიკური რეგლამენტი - კოსმეტიკური პროდუქციის შესახებ" ადგენს ბაზარზე კოსმეტიკური პროდუქციის განთავსების წესებსა და ნორმებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. რეგლამენტი არ ვრცელდება იმ ნივთიერებებზე ან ნარევებზე, რომლებიც განკუთვნილია ენდოგენურად მისაღებად, ინჰალაციის, ინექციის ან ადამიანის სხეულში იმპლანტაციისათვის.