სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. საქმე ეხება 2022 წლის 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირათ, დამნაშავედ სცნეს და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც უცვლელი დატოვა. როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, 4 წელია, მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ, პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს.