ფრანგი ფერმერები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ. ისინი პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე შეიჭრნენ, სადაც მაკრონის მისვლა იყო დაანონსებული. ფერმერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად ერთი ფერმერი დააკავეს. გამოფენაზე მისულმა მაკრონმა ფერმერთა გაერთიანების ლიდერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენლებსა და სექტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებს ელისეს სასახლეში მიიწვევს. შეგახსენებთ, ფრანგი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ, რადგან ამ ქვეყნებს არ უწევთ ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა. შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან. ასევე, მათი მოთხოვნა, საწვავის ღირებულების შემცირებასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებას შეეხება.