რუსეთი სომხეთისგან პასუხებს ელის. მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში ერევნის მონაწილეობის შეჩერების შესახებ განცხადებაზე განმარტებებს ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, აღნიშნული განცხადების შემდეგ სომხეთს ოფიციალური ქმედება არ განუხორციელებია. მისი თქმით, ასეთ სიტუაციაში ყველა დეტალის გაგება ძალიან მნიშვნელოვანია. პესკოვმა იმედი გამოთქვა, რომ სომხური მხარე რუსეთს შექმნილ ვითარებას აუხსნის. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოფიციალურმა ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა შეაჩერა. გადაწყვეტილების მიზეზად სომხეთთან მიმართებაში ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა დასახელდა.