უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველი დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, როდესაც მან რუსეთის წინააღმდეგ 500 ახალი სანქცია გამოაცხადა.
„ხვალ გამთენიისას სრულდება ორი წელი მას შემდეგ, რაც უკრაინის დედაქალაქ კიევთან რუსული რაკეტების აფეთქება დაიწყო, რუსეთის ჯარებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სასტიკი შეტევა დაიწყო. მას სჯეროდა, რომ ადვილად შეეძლო თავისუფალი ხალხის სიმტკიცის დარღვევა, სუვერენულ ერში შეღწევა და სამყაროს გადატრიალება, რომ მას შეეძლო ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების საფუძვლების შერყევა. ორი წლის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ვხედავთ იმას, რაც პირველი დღიდან ვიცოდით: პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა. უკრაინის მამაცი ხალხი იბრძვის, ქედუხრელია თავისუფლებისა და მომავლის დასაცავად ბრძოლაში. ნატო უფრო ძლიერი, უფრო დიდი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე და უპრეცედენტო, უკრაინის მხარდასაჭერად 50 ქვეყნისგან შემდგარი გლობალური კოალიცია, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, ერთგული რჩება უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების გაწევისა და რუსეთისთვის აგრესიის გამო პასუხისმგებლობის დაკისრების მიმართ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
მისი თქმით, ამერიკელ და მთელი მსოფლიოს ხალხებს ესმით, რომ ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება.
„ათი წლის წინ პუტინმა დაიკავა ყირიმი და შექმნა მარიონეტული რეჟიმები უკრაინის ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში. ორი წლის წინ მან სცადა უკრაინის რუკიდან წაშლა. თუ პუტინი არ გადაიხდის ფასს იმ მსხვერპლისა და განადგურებისთვის, რაც მოიტანა, ის გააგრძელებს და ხარჯები შეერთებული შტატებისთვის - ნატო-ელ მოკავშირეებთან და ევროპელ და სხვა პარტნიორებთან ერთად - გაიზრდება“, - აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარმომადგენელთა პალატას იმ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც უკრაინის დახმარებასაც ითვალისწინებს.
„ამ ომიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინელი ხალხი აგრძელებს ბრძოლას უზარმაზარი სიმამაცით, მაგრამ მათ საბრძოლო მასალა ეწურებათ. უკრაინას მეტი მარაგი ესაჭიროება შეერთებული შტატებისგან, რათა თავი დაიცვას რუსეთის დაუნდობელი თავდასხმებისგან, რაც ირანული და ჩრდილოეთ კორეული იარაღითა და საბრძოლო მასალის საშუალებით ხდება. ამიტომაც წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი ორპარტიული კანონპროექტი, სანამ ძალიან გვიან არ არის. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინის სასწრაფო დაფინანსებას. ის ასევე ინვესტიციას ახორციელებს ამერიკის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაში. კანონპროექტი სენატში უმრავლესობით მიიღეს და ეჭვგარეშეა, რომ თუ სპიკერმა კენჭისყრა დანიშნა, მას სწრაფად დაამტკიცებენ წარმომადგენელთა პალატაშიც. კონგრესმა იცის, რომ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ უსაფრთხოება ევროპაში, გავაძლიეროთ ჩვენი უსაფრთხოება შინ და წინ აღვუდგეთ პუტინს. ამ კანონპროექტის წინააღმდეგობა მხოლოდ პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს. ისტორია აკვირდება. ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის მხარდაჭერის წარუმატებლობის დავიწყება არ მოხდება. ახლა არის დრო, რომ მტკიცედ დავდგეთ უკრაინის გვერდით და გავერთიანდეთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. ახლა დროა დავამტკიცოთ, რომ შეერთებული შტატები იცავს თავისუფლებას და ქედს არავის უხრის,“ - აღნიშნა ბაიდენმა.