აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის საპასუხოდ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავის წინა დღეს, სანქციებს 500-ზე მეტ სამიზნეს უწესებს. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, სანქციები პუტინის უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ ყველაზე დიდი ტრანში იქნება. ამავე ცნობით, შეზღუდვები რუსეთის, მისი ხელშემწყობებისა და ომის მანქანის წინააღმდეგ იქნება მიმართული. სანქციები, როგორც სახაზინო, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან დაწესდა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარასკევს სანქციებს პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაუწესებდა. ბაიდენის თქმით, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის პრეზიდენტს ეკისრება.