ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ჩინეთის მხრიდან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით - გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები და როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა - რაც შეეხება აშშ-ს აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „პალიტრანიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობას შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორივე ზესახელმწიფო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან და საქართველო დაინტერესებულია მათთან პარტნიორობის გაღრმავებით, თუმცა ამასთან, როგორც პრემიერმა კობახიძემ აღნიშნა, ურთიერთობები არის ორმხრივი პროცესი და მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული.
„ჩვენი ხედვები არის მკაფიო - ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ორივე სახელმწიფოსთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ჩინეთთან. ორივე არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ორივე არის ზესახელმწიფო როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი პარტნიორობის ისტორია, ჩინეთთან შარშან დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა, შარშან მოეწერა შესაბამის შეთანხმებას ხელი, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ორივე შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და გვინდა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, ეს, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტები განისაზღვრება ორმხრივად. რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული, მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართულები ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. ასევე, თქვენ იცით, რომ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, აღდგა ეს ფრენები კოვიდის შემდეგ, ძალიან მალევე ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. ასევე, თქვენ ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ და იმის მიმართ, რომ მათ სურთ ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ის დღეს შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, რომელთან საუბარშიც აღნიშნა, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყო სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის.
„რაც შეეხება აშშ-ს, აქ წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გარკვეული გამოვლინება იმისა, რომ შესუსტებული იყო თითქოს ინტერესი სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც იყო ეს გამოხატული, მაგალითისთვის რომ ავიღოთ, უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებში, მაგალითად, მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან, არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინც და მაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას.
მე დღეს მქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, მასთან მქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოითქვა სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია, უფრო ინტენსიური იყო სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის. გავიმეორებ ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი, რომ გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე ჩინეთთან, დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებთან. გავიმეორებ, ურთიერთობები არის არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი საკითხი, აქედან გამომდინარე, ამ ორმხრივ ინტერესებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ როგორ წარიმართება პროცესები სამომავლოდ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ჩვენი პრიორიტეტები არის ნათელი, ჩვენ გვინდა როგორც აშშ-სთან, ისე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება“, - განაცხადა კობახიძემ.