„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ისრაელის ჯარის 12 პოზიციას დაარტყა. ჰეზბოლას განცხადებაში აღნიშნულია, რომ მებრძოლებმა ცეცხლი აღმოსავლეთის მიმართულებით 9, დასავლეთის მიმართულებით კი 3 პოზიციას გაუხსნეს. ჰეზბოლაში განმარტავენ, რომ ისრაელის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმების დროს რაკეტებიც გამოიყენეს. ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება 2023 წლის ოქტომბრიდან, ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ გაუარესდა. ისრაელი და „ჰეზბოლა“ საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე ერთმანეთის პოზიციებს თითქმის ყოველდღიურად ბომბავენ. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვის გამო, სამხრეთ ლიბანში 100 ათასამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. ისრაელში კი აცხადებენ, რომ ლიბანის მხრიდან თავდასხმების გამო, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში იძულებით გადაადგილებული პირი ჯამში 80 000-მდე ადამიანი გახდა.