გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ევროკავშირის პროგრამის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის 33-ე სხდომას დაესწრო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„ENPARD მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკასთან დაახლოების მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, 230 მლნ ევროზე მეტი გამოიყო, მათ შორის იყო საბიუჯეტო დახმარებაც, გვქონდა კონკრეტული ინდიკატორები, რომლის უდიდესი ნაწილი შევასრულეთ. მმართველი კომიტეტის 33-ე სხდომაზე ვისაუბრეთ მომავალში გადასადგმელ ნაბიჯებზე. ევროკომისიის ანგარიშის ფარგლებში გამოქვეყნებული რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული გეგმა გვაქვს შემუშავებული, რომელიც ჩვენს პარტნიორებს გავუზიარეთ, მათი მხრიდან მხარდაჭერის მზაობა დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ; გვქონდა დისკუსია, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ENPARD-ის გამოცდილება და მხარი დავუჭიროთ საქართველოს გადავიდეს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. დიდი სურვილი მაქვს, მეტი ქართული პროდუქცია ვნახო ევროკავშირის ბაზარზე; დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ დიდ როლს შეასრულებს“, - განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე სურსათის უვნებლობის, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
„ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის ხელმძღვანელობით ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციების და დაინტერესებულ მხარეთა შეხვედრა გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.