მე მიკვირს ეს კითხვა, როგორც ჩანს, თქვენ ჯერ არ აღმოგიჩენიათ, რა არის თქვენი ფუნქცია პარლამენტში და როგორ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს. ეს მსახურება მარტო მიკროფონის ჩართვა-გამორთვა და მიკროფონში საუბარი არ არის. ეს არის ყოველდღიური, გვიანობამდე საქმიანობა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის შეკითხვას, „რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთესად ეცხოვრათ, ეს მძიმე მდგომარეობა არ ყოფილიყო ქვეყანაში - სად არის ადამიანი და მისი პრობლემები“.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ვაშაძის კითხვა, „სად არის ადამიანი“, პათეტიკურია.
„აქ არიან ადამიანები, იმ 622 კანონში არიან ადამიანები. მე თქვენგან მიკვირს ეს კითხვა, ამიტომ ვთქვი და კოლეგებმა აქაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს, 65 პლენარული სხდომის 15%-ს რომ არ ესწრება ოპოზიცია, თუკი საქმე არ ეხება ერთ-ორ თქვენთვის საყვარელ თემას, იმ კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობას საერთოდ რომ არ იღებთ, აი, იქ არიან ადამიანები და იქ არ ხართ თქვენ, სადაც არიან ადამიანები. როცა ვსაუბრობთ, რა შედეგი გამოიღო პარლამენტმა, ესეც ადვილი პოპულიზმია, რომ რაღაც კლიშეები გაამყაროთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის წინააღმდეგ, თქვენც ამ პარლამენტის წევრი ხართ, რომ თითქოს პარლამენტი მარტო კამათის ადგილი იყოს. ეკონომიკურ ზრდა, საიდან მოდის? მოდის იმ სამართლებრივი ჩარჩოდან, რომელსაც ჩვენ ვქმნით, მოდის იმ ეკონომიკური პოლიტიკიდან, რომელსაც ჩვენ ვუსაზღვრავთ მთავრობას, მოდის იმ ბიუჯეტიდან, რომელიც სულ ახლახან მივიღეთ. ეს არის ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი. ციდან არაფერი ვარდება და ამ ჩარჩოს განვითარებისთვის ქმნის სწორედ პარლამენტი, ჩვენ, ჩვენი კანონმდებლობით და ბიუჯეტით, რომელსაც ვუსაზღვრავთ ჩვენ მიერ არჩეულ მთავრობას და ვუსაზღვრავთ პოლიტიკას, რომელიც მან უნდა გაატაროს სხვადასხვა სფეროში. ამიტომ, მე მიკვირს ეს კითხვა, როგორც ჩანს, თქვენ ჯერ არ აღმოგიჩენიათ, რა არის თქვენი ფუნქცია პარლამენტში და როგორ უნდა ემსახუროთ ქართველ ხალხს. ეს მსახურება მარტო მიკროფონის ჩართვა-გამორთვა და მიკროფონში საუბარი არ არის. ეს არის ყოველდღიური, გვიანობამდე საქმიანობა. შეხედეთ კომიტეტის წევრებს უმრავლესობიდან, შეხედეთ აპარატების თანამშრომლებს კომიტეტებისა, თუ მთლიანად პარლამენტის, როგორ უწევთ მათ გვიანობამდე მუშაობა. ფუჭად მუშაობენ? რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველდღიური სამუშაო არის ადამიანებისთვის კეთილდღეობის გამრავლება. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ კეთილდღეობის გაზრდისთვის უნდა გქონდეს შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო“, -განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველაზე დიდი კრიტიკული მომენტი, რაც ამ პარლამენტს აქვს, არის ის, რომ სამწუხაროდ, „პარლამენტში სინამდვილეში არ არის პოლიტიკური ოპოზიცია“.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია მნიშვნელოვანი საკითხებში განხილვაში ჩართული არ არის. ამასთან, პარლამენტის როლზე საუბრისას შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სწორედ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება პენსიების ზრდაზე, სოციალურ დახმარებებზე, ბიუჯეტით სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე.
„ის, რომ სოფლად ქუჩები და წყალი, გაყვანილობა, ინფრასტრუქტურა უმჯობესდება და ადამიანებს წვდომა აქვთ სუფთა წყალზე, მოწესრიგებულ გზებზე, ეს ვინ მიიღო? პარლამენტმა, ჩვენ ვართ, ვინც ამას განვსაზღვრავთ ბიუჯეტით. ამიტომ, მიკვირს, რომ თქვენი გამოცდილი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ მიგიგნიათ პარლამენტის როლისთვის და მოგიწოდებთ, რომ ამაზე დაფიქრდეთ“, -განაცხადა პაპუაშვილმა.