მახსენდება აკაკი წერეთელი - „გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ, თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო", ზუსტად ამ მდგომარეობაში ხართ, იმიტომ, რომ ბეჭებზე ხართ დადებული და ეს თქვენ თავს დააბრალეთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების’“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე წლიური მოხსენებით გამოდის.
მათიკაშვილის შეფასებით, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლა იყო საქმეზე ორიენტირებული, ქრონოლოგიურად გაწერილი და საზოგადოებისთვის ძალიან გარკვევით წარდგენილი. მისი თქმით, ანგარიში ზუსტად აღწერდა იმას, რა რეალობაშიც ქვეყანამ იცხოვრა, საზოგადოებას მოუწია ცხოვრება და არსებობა, ბევრ გამოწვევის დაძლევა და გადაწყვეტილების სწორად მიღება, რამაც ქვეყანას ძალიან ბევრი მძიმე პრობლემა აარიდა.
„რა თქმა უნდა, ოპოზიციას არ მოსწონს ეს ყველაფერი, ისინი მონაწილეობას არ იღებენ არც საკანონმდებლო საქმიანობაში, სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, მარტო რადიკალიზმის და ნეგატივის გამომზეურებით არიან დაკავებული და ცხადია, როდესაც ამ ანგარიშში მათი როლი და კვალი არ ჩანს, როგორც პოზიტიური მოთამაშის, ეს მათ არ მოსწონთ. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ანგარიშით თქვენი ლუსტრაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, კიდევ ერთხელ დაანახა ლაკმუსის ქაღალდივით საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენთ, მახსენდება აკაკი წერეთელი - "გინდა შეიტანეთ და გინდა გამოიტანეთ, თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანიო", ზუსტად ამ მდგომარეობაში ხართ, იმიტომ, რომ ბეჭებზე ხართ დადებული და ეს თქვენ თავს დააბრალეთ, მეტი არავის ბრალი არ არის, ამ ქვეყანაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.