2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტი რეგლამენტით გათვალისწინებული სხვადასხვა საზედამხედველო მექანიზმების გამოყენების გზით, აქტიურად ახორციელებდა საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფართოდ ისაუბრა პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის თვალსაზრისით განხორციელებულ აქტივობებზე.
„65 პლენარული სხდომიდან, თითქმის ნახევარზე, 30 პლენარულ სხდომაზე მოხდა პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული უწყებების მოსმენა. კერძოდ, 2023 წელს პარლამენტში გაიმართა პრემიერ-მინისტრის 2, მინისტრების 18 და ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების წარმომადგენლების 10 მოსმენა. საანგარიშო პერიოდში უწყებებში გაიგზავნა საქართველოს პარლამენტის 48 წევრის მიერ დასმული 3000-მდე კითხვა. ზოგადი საზედამხედველო ინსტრუმენტების გარდა, ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრის ფარგლებში ნაყოფიერად გაგრძელდა თავდაცვა-უსაფრთხოების სფეროს უწყებების საპარლამენტო ზედამხედველობა. აქაც აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრიდან არცერთ შეხვედრას, ხაზს ვუსვამ, არ დასწრებია ნდობის ჯგუფის ოპოზიციური წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაც კარგად აჩვენებს, საჯარო თუ უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი ჩივილის მიღმა, თუ რამდენად რეალურია ოპოზიციის ინტერესი უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველობის მიმართ”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ღიაობასა და გამჭვირვალობის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და ხელმისაწვდომ ინსტიტუტს წარმოადგენს.
“პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ღიაობას და გამჭვირვალობას და ამ მხრივ, წლებია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გახსნილ და ხელმისაწვდომ ინსტიტუციას. 2023 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 383 განცხადება, რომელსაც ყველას სათანადოდ გაეცა პასუხი. გარდა ამისა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბაზაზე ამოქმედდა პარლამენტის სატელევიზიო არხი, სადაც გადაიცემა პარლამენტის ბიუროს, კომიტეტების და პლენარული სესიების ყველა სხდომა. ამას ემატება პარლამენტის Youtube არხი, სადაც პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია პარლამენტის სხდომების სრული ვიდეო არქივი დაწყებული 2022 წლის სექტემბრიდან. სიახლის სახით გეტყვით, რომ დღეიდან პარლამენტის ვებგვერდზე განთავსდება პარლამენტის პლენარული სხდომების სტენოგრამებიც. დღეს უკვე სრულად არის ატვირთული 2023 წლის სტენოგრამები. ეტაპობრივად შეივსება წინა წლების არქივიც’’, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.