ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის.
ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2022 წელს საქართველო შეუერთდა მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ IDA (საერთაშორისო განვითარების ასოციაცია) დონორების ქვეყნებს, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის 30 წლისთავზე, ხოლო მიმდინარე წელს, ასევე, იგეგმება შევუერთდეთ აზიის განვითარების ბანკის ADF (აზიის განვითარების ფონდი) პლატფორმას, როგორც დონორი ორგანიზაცია.
„2023 წელს საქართველო თავმჯდომარეობდა აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამას და წლის მანძილზე საქართველოში წარმატებით ჩატარდა ყველა დაგეგმილი ღონისძიება.
ამჟამად, მიმდინარეობს აქტიური სამზადისი, 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის, რაც იქნება ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარებული ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელშიც 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას“,- განაცხადა ხუციშვილმა.