საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება მათ ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ, მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, სამი წარმატებული წლის შემდეგ, სრულად აღმოიფხვრა პანდემიით გამოწვეული ჩამორჩენა და ეკონომიკა დაუბრუნდა იმ ტრენდს, რომელიც პანდემიის არარსებობის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო.
„ეს მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ძვრების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების უმრავლესობა კვლავ განიცდის პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებს ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის დონე, მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირის მედიანური მაჩვენებლის 45 პროცენტამდე იქნება.
„2000-იანი წლებიდან ევროკავშირში გაწევრიანებული 13-დან 4 ქვეყნის, კერძოდ: პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ბულგარეთის შემთხვევაში, გაწევრიანების მომენტში მათი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იყო. შესაბამისად, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით გაწევრიანებისათვის უკვე აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში 2023 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ბოლო 8 თვის განმავლობაში, ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბალ ნიშნულზე ფიქსირდება. არსებული პროგნოზებით, ინფლაცია მომავალშიც მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნდება.