მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში საარჩევნო კოდექსის ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღეს, კანონპროექტის კანონად გარდაქმნას ჯერ კიდევ დრო სჭირდება. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აღნიშნული რეფორმა მიუღებელია, რის გამოც ის შესაბამის დოკუმენტს ხელს არ აწერს და კანონპროექტზე ვეტოს დადებას აპირებს. ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ მოულოდნელი არ არის, რადგან უმრავლესობის წევრების განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებს. რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს, ისინი ზურაბიშვილის ამ პოლიტიკურ ნაბიჯს მიესალმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება" აღნიშნულ ვეტოს მიმდინარე კვირაშივე დაძლევს.
პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.საკანონმდებლო პაკეტი 81- ხმით, 6-ის წინააღმდეგ გუშინ დაამტკიცეს. ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება. ასევე იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესიც.