ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები, ევროპელ პარტნიორებთან ჩაატარა. ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის და ასევე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს, იანეზ ლენარჩიჩს შეხვდა. ლენარჩიჩმა პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის სამოქალაქო მექანიზმში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გზამკვლევი გადასცა, რაც მექანიზმის წევრობის მთავარ კრიტერიუმებს, გაწევრიანების პროცესის მხარდამჭერ ინსტრუმენტებსა და ეტაპებს მოიცავს. მხარეებმა ასევე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზეც ევროკავშითან დაახლოება იყო განხილვის მთავარი თემა. მხარეებმა ყურადღება გაფართოების ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებზეც გაამახვილეს. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძესთან ერთად ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციაც იმყოფება.