თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება. როგორც დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, პროექტის ფარგლებში, დიდი ლილოს პოლიგონზე მასალების აღმდგენი ობიექტი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების საწარმო აშენდება, რომლის საშუალებითაც ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების შემდეგ, მასალის რეალიზება მოხდება. ამ მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო შეთანხმებას დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა. გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ხელი მოაწერა მხარდაჭერის ხელშეკრულებას, ხოლო შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ - განხორციელების ხელშეკრულებას.