დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართება, რომელიც ბრიუსელის დროით 11:00 საათზე დაიწყება და მას ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. აღნიშნულ სხდომაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მიიღებს მონაწილეობას. ის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, უკვე ბელგიაში იმყოფება. ასოცირების საბჭოს სხდომა საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზეა ორიენტირებული. სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენციაც არის დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაშიც მიიღებს მონაწილეობას.