იემენელი „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ადენის ყურეში სატვირთო გემ Rubymar-ს დაარტყეს. დაჯგუფების ცნობით, გემს ჩაძირვა ემუქრება. „ჰუსიტების“ სამხედრო პრესსპიკერის, იაჰია სარეის განცხადებით, ხომალდი ბრიტანულია და ეკიპაჟი ამ ეტაპზე უსაფრთხოდ იმყოფება. მისივე ინფორმაციით, „ჰუსიტებმა“, იემენის ქალაქ ჰოდეიდაში ამერიკული დრონიც ჩამოაგდეს. მანამდე კი „ჰუსიტების“ საბრძოლო სისტემებზე იერიში აშშ-მა მიიტანა. ქვეყნის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, იემენელი „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რეგიონებში გემსაწინააღმდეგო საკრუიზო რაკეტები, უპილოტო წყალქვეშა და ზედაპირული ხომალდი ფიქსირდებოდა. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ისინი რეგიონში აშშ-ის საზღვაო ძალებისა და სავაჭრო გემებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ.