ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო ევროკავშირი სანქციების დაწესებას განიხილავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალს ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაიაც დაესწრება. ამასთან, სალეხარდის მორგში, სადაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პოლიტიკოსის ცხედარია, ნავალნის დედას და ადვოკატებს ამ დრომდე არ უშვებენ. შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16-ტ თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მოგვიანებით კი მედიამ, ნავალნის თანაგუნდელებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაციაც, რომ მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა. ნავალნის დაღუპვის შემდეგ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მის ხსოვნას აქციები მიეძღვნა. ადგილობრივმა პოლიციამ ამ აქციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა.