ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების 60-ე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა გახსნა.
ღონისძიებას, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია, 50 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები.
კონფერენციის მთავარი თემა იქნება უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, ასევე სომალიში, სუდანსა და ჰაიტიში მიმდინარე ომები. სხვა მნიშვნელოვანი თემები იქნება საერთაშორისო სამართლის უზენაესობა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაძლო რეფორმა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები.
სააგენტო dpa წერს, რომ მიუნხენის მიმდინარე კონფერენციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სტუმარი ვოლოდიმირ ზელენსკი იქნება და რომ ზელენსკის კონფერენციაზე ყოფნა უკრაინისთვის ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
კონფერენციის კიდევ ერთი მთავარი თემა ღაზის სექტორში არსებული ვითარება და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზების ძიება იქნება. მიუნხენის ფორუმზე ისრაელს წარმოადგენენ პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი და საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი. კონფერენციას ასევე ესწრებიან პალესტინის ხელისუფლებისა და მეზობელი სახელმწიფოების - კატარის, საუდის არაბეთის, იორდანიის და ეგვიპტის ხელისუფლებების მაღალი რანგის წარმომადგენლები.