ახალი პრემიერი მნიშვნელოვან საკითხებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ამაზე სათანადო რეაგირებას ასახელებს. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კორუფციის შემთხვევაში მთავრობის დამოკიდებულება “აბსოლუტურად არა ლოიალური” იქნება. ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე ოპოზიცია და მესამე სექტორის ნაწილიც საუბრობს. დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” წარადგინა კორუფციის რუკა, რომელზეც დატანილია მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომელთაც ბოლო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფოსთან ჯამურად 2 მილიარდ 150 მილიონ ლარამდე მსხვილი კონტრაქტები გააფორმეს.