ქართული მობილური ოპერატორის, „სელფი მობაილის“, 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვების დახურვასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ, როგორც არსებული, ისე პოტენციური ინვესტორები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. ღონისძიება სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა გახსნა. ასევე „სელფი მობაილის“, განთავსების აგენტების - „გალთ & თაგარტის“, თიბისი კაპიტალის, საპენსიო სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მონაწილეობით პანელური დისკუსიაც გაიმართა. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ობლიგაციების განთავსების დეტალები და საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მიმოიხილეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, „სელფი მობაილის“ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა, რომელმაც მიწოდებას 25%- ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოს მხრიდან მაღალი დაინტერესებაა, რაც სააგენტოს მიერ ქართულ ფასიან ქაღალდებში აქამდე განხორციელებულ ყველაზე მსხვილ განთავსებაში აისახა.