ევროპა მზად უნდა იყოს აშშ-ის მხრიდან უკრაინის დასუსტებული მხარდაჭერის კომპენსირება მოახდინოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკრონის თქმით, ევროპის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ უკრაინას “გრძელვადიან პერსპექტივაში” დაუჭირონ მხარი და ამერიკული დახმარების შემცირების კომპენსირება განახორციელონ, თუ ასე მოხდება.
“ისე უნდა დავგეგმოთ ჩვენი ქმედებები, რომ თუ აშშ თავის სუვერენულ არჩევანს მიიღებს და დახმარებას შეაჩერებს ან შეამცირებს მას, ამან ადგილზე ვითარებაზე გავლენა არ მოახდინოს”, - განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონგრესში მიმდინარე დავების გამო, უკრაინისთვის ამერიკული დახმარების მიწოდების შეჩერება უკვე გარკვეულ დონეზე იგრძნობა ბრძოლის ველზე.