2023 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 180-ც ქვეყანას შორის 53-ი ქულით 49-ე ადგილს იკავებს. ამ მაჩვენებლით საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა: ბულგარეთი, საბერძნეთი და მონტენეგრო. 2023 წლის მონაცემების წინა წლებთან შედარებით საქართველოს სარეიტინგო ქულამ 3 ქულით დაიკლო. ქვეყანა 2022 წელს 56 ქულით 41-ე ადგილს იკავებდა. კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს რეიტინგის შესახებ ინფორმაცია არასამთავრებო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობამ“ გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, 2023 წლის გაუარესებულმა შედეგმა აჩვენა, რომ ქვეყანაში კორუფცია და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცების პრობლემა კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება. ამავე პოზიციას იზიარებს ოპოზიციაც. მათი ნაწილი გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს. კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს მმართველი გუნდი. უმრავლესობის ლიდერების თქმით, ყველა საერთაშორისო სანდო და მიუკერძოებელი კვლევა საქართველოს წარმატებასა და რეგიონში მის ლიდერობაზე მიუთითებს.