მომავალ კვირას - 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.
მომავალი კვირის პლენარულ სხდომაზე პარლამენტს ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც მიმართავს. წინასწარი ინფორმაციით, პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას 7 თებერვლის სხდომაზე წარადგენს.
სავარაუდოდ, მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის სხდომების დღის წესრიგზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.