საქართველოში შოკოლადის იმპორტიც და ფასიც გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წელს ქვეყანამ დაახლოებით 78 მლნ დოლარის ღირებულების 21 ათასი ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შეიძინა საზღვარგარეთ, გასულ წელს იმპორტის მოცულობამ უკვე 22 ათას ტონას გადააჭარბა, ხოლო ღირებულებით ნაწილში დაახლოებით 89 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შოკოლადი ყველაზე დიდი რაოდენობით რუსეთიდან შემოვიდა, დაახლოებით 29 მლნ დოლარის ღირებულის. ათეულში შედიან სომხეთი, უკრაინა, გერმანია და პოლონეთი. ათეულში არ შედის, მაგრამ ყველაზე ძვირი შოკოლადის იმპორტი საქართველოს გაერთიანებული სამეფოდან უჯდება, ერთი ტონა დაახლოებით 13 ათასი დოლარი. შარშან, ბრიტანეთიდან 330 ათასი დოლარის ღირებულების 25 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები შემოვიდა საქართველოში.