საქართველოში 50 ბრენდული სუპერმარკეტია - ბაზრის 55% ოთხ ბრენდულ ქსელს უჭირავს. „გალთ ენდ თაგარტმა“ სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის სექტორის კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, მთლიანად სექტორი 2018-23 წლებში საშუალოდ 14.2%-ით გაიზარდა და გააგრძელებს 10%-იან ზრდას 2024-2028 წლებში. უფრო დეტალურ ანალიზს თუ ჩავხედავთ, კვლევაში ნათქვამია, რომ 2018-2023 წლებში ბრენდული ქსელები საშუალოდ 28%-ით, ხოლო სხვა ფორმატები 8.8%-ით გაიზარდა. ასევე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბრენდული ქსელების წილი 21.7%-დან 38.6%-მდე გაიზარდა.
ბრენდული ქსელების ბაზარი 18.4%-იან ზრდას გააგრძელებს 2023-28 წლებში გეოგრაფიული ექსპანსიისა და სტრატეგიული განვითარების ხარჯზე, რაც საბაზრო წილის 55.6%-მდე ზრდას გამოიწვევს.
ბრენდული ქსელების ბაზარზე სულ 50 კომპანიაა, თუმცა დიდი ოთხეულის საბაზრო წილი 55%-ს აღწევს. ეს კომპანიებია: „ნიკორა“, „2 ნაბიჯი“, „კარფური“ და „სპარი“.