საქართველოში, საფინანსო სექტორის ვალი დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს აქვს, ჯამში 44 მილიარდ ლარზე მეტი. აქედან 200 ათასზე მეტი ადამიანი სესხს ვერ იხდის, ვადაგადაცილებული კრედიტების მოცულობა კი 2 მლრდ ლარს აჭარბებს. ანუ, საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საფინანსო ინსტიტუტების ვალს ვერ იხდიან. ამ მონაცემებს „კრედიტინფო“ აქვეყნებს, მათივე ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს აქვს, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, როგორც უკვე გითხარით, საუბარია 2 მილიარდ ლარზე მეტ ვადაგადაცილებულ კრედიტზე. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 82.1% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, დეკემბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კრედიტი სულ მილიონ ნახევარ მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.4%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 101 758-ია. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების, ისეთი როგორიცაა მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი და ა.შ. კრედიტორი 751 073 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3,3 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 118 777 მსესხებელს აქვს. კიდევ 20 379 ადამიანს კი, ჯამში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. ამ შემთხვევაში ვადაგადაცილება 4 537 ადამიანს უფიქსირდება