საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძე დაიკავებს. ამ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ლიდერები ადასტურებენ. მმართველი პარტიის წესდებაში შეტანილი ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ უნდა წარადგინოს, სწორედ ამიტომ, „ქართული ოცნება“ ახლა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მოლოდინშია. პოლიტიკურ კულუარებში უკვე იმ მინისტრებზეც საუბრობენ, რომლებიც თანამდებობებს დაემშვიდობებიან და ადგილს ირაკლი კობახიძის გუნდის წევრებს დაუთმობენ. მათ შორის არიან, თავდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ოპოზიციის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე საკადრო ცვლილებებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანაც, როგორც ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რეალურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობა პარლამენტში მისსავე პარტიას დაასუსტებს.