საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მსურს საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა პირველად 2013 წელს დაიკავა. მან ამ თანამდებობაზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ჩაანაცვლა, თუმცა 2015 წლის 30 დეკემბერს თანამდებობა დატოვა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტის მეორედ დაკავებამდე ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ხელმძღვანელობდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეორედ კი 2021 წლის 22 თებერვალს დაიკავა, რა დროსაც მან ამ პოსტზე გიორგი გახარია ჩაანაცვლა.
არსებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ამჯერად მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.