თურქეთის ხელისუფლებამ ორი შეიარაღებული პირი დააკავა, რომლებმაც სტამბოლში, კათოლიკურ ეკლესიაში ცეცხლი გახსნეს და ერთი ადამიანი მოკლეს, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებული.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ სტამბოლის მასშტაბით 30-ზე მეტ ლოკაციაზე რეიდები განახორციელა და 47 ადამიანი, მათ შორის ორი თავდამსხმელი, დააკავა.
"ორივე ეჭვმიტანილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ერთი მათგანი ტაჯიკეთიდანაა, მეორე კი რუსია. ჩვენ შეფასებით, ისინი "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულები არიან", - აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მანამდე, სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მათ „ტელეგრამზე“ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდასხმა იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, ებრაელები და ქრისტიანები მიზანში ამოიღონ.