სამართალდამცავებმა წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, ამირან ნაჭყებია დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულმა პოლიციელებმა ოპერატიული შესწავლის მიზნით რუსეთის მოქალაქე აიყვანეს, რომელზეც ნარკოტიკებთან დაკავშირებით ეჭვი არსებობდა. არსებული ცნობით, ბრალდებულმა პოლიციელებმა მოქალაქის სახლი მოსამართლის განჩინების გარეშე გაჩხრიკეს. რუსეთის მოქალაქის თქმით, მას წყნეთის პოლიციის ყოფილმა უფროსმა ქრთამის სახით 3 500 დოლარი გამოართვა. არსებული ინფორმაციით,დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა და ამირან ნაჭყებიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება ფაქტიდან მეორე დღეს, მას შემდეგ დაწერეს, რაც საქმის შესწავლა დაიწყო. დაკავებულები ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. მათ ბრალი გუშინ წაუყენეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, იმსჯელებს.