რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 2 სარაკეტო და 19 საჰაერო იერიში მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 68-ჯერ დაესხნენ. ფრონტის ხაზზე ჯამში 82 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსული ძალების იერიშების შედეგად დაღუპული და დაჭრილია მშვიდობიანი მოსახლეობა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთშია. უწყების ცნობითვე, დიდია მტრის დანაკარგებიც. უკრაინული თავდაცვა ოკუპანტების სტრატეგიულად მნიშვნელოვან უბნებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს. გასული დღის განმავლობაში, თავდაცვის ძალებმა რუსების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 3 უბანს, ასევე, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობებს დაარტყეს.