ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში მდებარე ქალაქ ხან იუნისში „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, 98-ე დივიზია „ჰამასზე“ ზეწოლას აძლიერებს და ტერორისტულ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ამავე ცნობით, ხან იუნისში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა „ჰამასის“ რამდენიმე მებრძოლი მოკლეს. საბრძოლო მოქმედებები ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებშიც გრძელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქვეყანა „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას სრულ და აბსოლუტურ გამარჯვებამდე გააგრძელებს. საერთაშორისო ლიდერები ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტაზე ისრაელის მხრიდან მკაფიო უარი მიუღებელია და პალესტინასთან ომის გახანგრძლივების რისკს ქმნის. გაერო-ს ხელმძღვანელი ღაზის სექტორისთვის მეტი დახმარების მიწოდების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა.