„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ნათესავები ისრაელის პარლამენტში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ფინანსთა კომიტეტის სხდომის მიმდინარეობა შეაფერხეს და პარლამენტის წევრებს მძევლების გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით : „აქ ვერ ისხდებით, სანამ ისინი იქ კვდებიან“. მოგვიანებით, მათ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა. როგორც მან აღნიშნა, მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასს“ ისრაელისთვის კონკრეტული წინადადება არ შეუთავაზებია. მანვე აღნიშნა, რომ ისრაელმა „ჰამასს“ საკუთარი ინიციატივა წარუდგინა, თუმცა ნეთანიაჰუს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მანამდე, მძევლების ნათესავებმა აქცია იერუსალიმში, ნეთანიაჰუს სახლის წინ ჩაატარეს და მთავრობას ტყვეების გათავისუფლების მიზნით შეთანხმების სასწრაფოდ მიღწევისკენ მოუწოდეს. „ჰამასის“ ტყვეობაში ამ დრომდე 130-ზე მეტი ისრაელელი რჩება. მათი ჯანმრთელობისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.