ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოიერიშე თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სადამკვირვებლო და სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაისროლა. „ჰეზბოლას“ სარაკეტო შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 24 927-ს აღწევს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 62 300-ს გადააჭარბა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბოლო 24-საათის განმავლობაში ღაზაში 165 ადამიანი დაიღუპა და 280 დაშავდა.