კახეთში, 14 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის ბრალდებული ბიძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 35 წლის მამაკაცს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, იმ არგუმენტით, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია სიძის მოკვლა განზრახული და მას ცივი იარაღი განზრახ არ წაუღია.
უფრო მეტიც, ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა განზრახვის ნაწილს არ ეთანხმება, რადგან მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ ის პოლიციას თავად ჩაბარდა.
პროკურორი კი, პატიმრობის შუამდგომლობის საფუძვლად, ბრალდებულის მხრიდან ხელახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეებს ასახელებდა, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტს, სადაც მამიდის ქმარმა 14 წლის გოგო გააუპატიურა და მიიმალა. შურისძიების მიზნით კი, დაზარალებულის ბიძამ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მყოფ სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს ჩაინიშნა.