აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოსა და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, ირანს და თურქეთს შორის თანამშრომლობის მექანიზმი პერსპექტიულია, რადგან გლობალურ პოლიტიკურ ვითარებაზე დამოკიდებული არ არის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ჩვენ შევთავაზეთ უფრო აქტიურად განვითარებულიყო თანამშრომლობის მექანიზმი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას - სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს და მათ სამ უახლოეს მეზობელს - რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის. შედგა რამდენიმე შეხვედრა, რომელშიც სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, - განაცხადა ლავროვმა.
მისივე მტკიცებით, „3+3 ფორმატი“ თავისუფალია ჰეგემონიის შენარჩუნების გეოპოლიტიკური თამაშისგან.
„მეჩვენება, რომ დროთა განმავლობაში ეს კონკრეტული ფორმატი პერსპექტიული იქნება, რადგან ის არ არის დამოკიდებული არც ერთ გლობალურ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურაზე და თავისუფალია ჰეგემონიის შენარჩუნების გეოპოლიტიკური თამაშისგან, რომელსაც ვაშინგტონი ბრიუსელელ კოლეგებთან ერთად ავითარებს“, - აღნიშნა ლავროვმა.