ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარია - რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა დრონით თავდასხმა განახორციელა - Palitra News

ბრიანსკის ოლქში ნავთობბაზაზე ხანძარია - რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა დრონით თავდასხმა განახორციელა

2024-01-19 11:39:24+04:00

რუსეთის ბრიანსკის ოლქის თავზე უკრაინული დრონის განადგურებისას ნავთობბაზის ტერიტორიაზე ჭურვი ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრე ბოგომაზი იუწყება.

„რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს. სამიზნის განადგურებისას კლინცოვის ნავთობბაზის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალა ჩამოვარდა“, - აცხადებს გუბერნატორი.

წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და ბრიანსკის ოლქის სახანძრო-სამაშველო ცენტრის სახანძრო ეკიპაჟები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დღეს დილით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინული დრონი გაანადგურეს.