ქართული ციტრუსის ექსპორტის 99% დსთ-ის ქვეყნებზე მოდის, ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის მიმოხილვაშია ნათქვამი. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი 55 000 ტონას მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოყვანილი ციტრუსის 90% მანდარინია, ფორთოხლისა და ლიმონის რაოდენობა კი შედარებით მცირეა. მანდარინი ძირითადად აჭარაში (70%), გურიაში (18%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (10%) და იმერეთში (2%) მოჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ მანდარინის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ამჟამად საქართველოში ციტრუსის მოყვანა მაინც მცირდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ყოველ 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში ფერმერი სახელმწიფოსგან 15 თეთრის ნაცვლად 30 თეთრს მიიღებს. ციტრუსის წარმოების შემცირების მიუხედავად, ექსპორტის მაჩვენებელი ზოგადად მზარდი, მაგრამ ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. ექსპორტირებული პროდუქტის 99%-ზე მეტი დსთ-ის ქვეყნებში გადის, ევროკავშირში კი – მხოლოდ 1%. საყურადღებოა, რომ დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული ციტრუსის 58% რუსეთში მიდის, რაც დარგის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.