მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ტყიბულის მერიის თანამშრომელი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გადაწყვეტილება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე 2000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა. სხდომას დაკავებულის მეუღლეც ესწრებოდა და მან მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით მიმართა. ამასთან, დაკავებული აცხადებს, რომ ის წუხს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ განხორციელდება. გამოძიების თანახმად, 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.