უხვი ნალექის გამო, გერმანიის რეგიონებში ასობით ავიარეისი გაუქმდა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ზოგიერთ რეგიონში ძლიერად თოვს, ზოგგან კი წვიმაა. ამავე ინფორმაციით, ჰაერის დაბალი ტემპერატურის გამო, წვიმის სახით მოსული ნალექი მალევე იყინება და გზებზე სახიფათო მდგომარეობას ქმნის. მხოლოდ მიუნხენის აეროპორტმა 250 რეისი გააუქმა. ბადენ-ვიურტემბერგის ადგილობრივი პოლიცია ინფორმაციას მრავალრიცხოვანი ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებაც ავრცელებს. შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც. ხელისუფლება მოსახლეობას ავტომობილით სარგებლობისგან თავის შეკავებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.