გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები 2024 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ჰიბრიდული თავდასხმისთვის ემზადება. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. საბუთებში გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის დაწყების შესაძლებლობას დეტალურად აღწერს. სავარაუდო სცენარის მიხედვით, რუსეთი უახლოეს მომავალში მობილიზაციის ახალ ტალღას გამოაცხადებს და გაზაფხულზე უკრაინაში ახალ შეტევას წამოიწყებს, რასაც უკრაინელთა უკან დახევა მოჰყვება. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ მომენტში, როდესაც არჩევნების შემდეგ აშშ-ი დროებით ლიდერის გარეშე დარჩება, რუსეთი ნატო-ს ტერიტორიაზე ისევე შეიჭრება, როგორც ეს 2014 წელს ყირიმში გააკეთა. რუსეთში „ბილდის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას უკვე გამოეხმაურნენ. კრემლში ამ გეგმას „შარშანდელი ჰოროსკოპი“ უწოდეს.