შესაძლებელია, წინ ჩვენ გველოდეს პირდაპირ ეკლესიებში შევარდნა, დარბევა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ ეს არის ნეობოლშევიზმი და წუხილს გამოთქვამს, რომ მატრონა მოსკოველის ხატთან დაკავშირებით „სკანდალის აგორებაში“ ფარულად თუ ხილულად მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეკლესიის ჯერ კიდევ მოქმედი სასულიერო პირები. დეკანოზი იმედს გამოთქვამს, რომ მათი მხილება მოხდება. ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მიესალმება ინიციატივას, რომ დარეგულირდეს კანონმდებლობა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იყოს კანონის ჩარჩოში მოქცეული. „ჯერ კიდევ სამი წლის წინ, 2021 წელს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ ბრძანა, რომ ეს თუ კანონით არ დარეგულირდა, სულ მივიღებთ პოლარიზაციას ქვეყანაში", - აცხადებს ჯაღმაიძე, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.