სომალის შეიარაღებულმა ისლამისტურმა დაჯგუფება “ალ-შაბაბმა” გაერო-ს ვერტმფრენი გაიტაცა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სომალიში გაერო-ს მისიამ დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა საავიაციო ინციდენტს გაერო-ს კონტრაქტის მქონე ვერტმფრენთან დაკავშირებით, რომელიც სამედიცინო ევაკუაციას ახორციელებდა. გაერო-ს მისია „ალ-შაბაბს“ არ ახსენებს, მაგრამ აცხადებს, რომ "მიმდინარეობს რეაგირების მცდელობები".
ინციდენტის შესახებ გაერო-ს დოკუმენტში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესისთვის“ გახდა ცნობილი, აღნიშნულია, რომ ვერტმფრენი ქალაქ დუსამარებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში ავარიულად დაეშვა, ბორტზე მყოფი ადამიანები კონტრაქტორები იყვნენ და არა გაერო-ს თანამშრომლები. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ბორტზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი მგზავრი, ორი კი გაიქცა.
შეგახსენებთ, „ალ-შაბაბი“ სამხრეთ და ცენტრალური სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჯგუფი „ალ-ქაიდასთან“ არის დაკავშირებული და თითქმის 20 წელია სასტიკ ამბოხებას აწარმოებს. სომალის მთავრობამ ბოლო თვეებში მის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიერა.