რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, კრივი რიჰში სავაჭრო ცენტრი და ოცზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა და ერთი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა კრივი რიჰის ლოზოვატის თემში, სადაც 62 წლის ქალი გარდაიცვალა და კერძო სახლი დაინგრა.
რუსული თავდასხმის შედეგები დაფიქსირდა ნოვომოსკოვსკშიც. აფეთქების ტალღამ მიკროავტობუსი დააზიანა. დაზიანდა ასევე სამი ადმინისტრაციული შენობა, ორი ბენზინგასამართი სადგური, ხუთსართულიანი შენობა და ავტომობილი.
“ქალაქში, წინასწარი ინფორმაციით, 24 ადამიანი დაშავდა. მათგან ხუთი ბავშვია. ყველა საავადმყოფოშია გადაყვანილი”, - აღნიშნა ლისაკმა.
“58 წლის მამაკაცს ნამსხვრევებით ჭრილობები აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, - განაცხადა ლისაკმა.