რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია. მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდული არ არის, თუმცა ინტენსიური თოვის გამო, ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. ადგილზე გზის გასაწმენდად მუშაობს მძიმე ტექნიკაც. თოვის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა. რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზას, 73-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რამაც სავალი ნაწილის ჩაკეტვა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულები არიან როგორც გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე საჭირო ტექნიკა, რომელიც ინტენსიურად აგრძელებს გაწმენდით სამუშაოებს.