ნატო დაეთანხმა კიევის თხოვნას, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული მასშტაბური დარტყმების საპასუხოდ, უკრაინა-ნატო-ს საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარების შესახებ, - ინფორმაციას Kyiv Independent-ი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დიმიტრო კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კულებას ცნობით, საბჭოს საგანგებო სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეხვედრის გამართვაზე ნატო-ს თანხმობა „რუსული ტერორის ესკალაციის ფონზე ევროატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელოვანი ნიშანია“.
მინისტრი არ აკონკრეტებს, როდის და სად გაიმართება შეხვედრა.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა, ბოლო 5 დღის განმავლობაში, უკრაინას სულ მცირე 500 რაკეტითა და დრონით შეუტია, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.